გალერეები

საავტორო უფლებები საიტში გამოყენებულ ფოტოებზე ეკუთვნით იური მეჩითოვს, სერგო ედიშერაშვილს, მაია დეისაძეს, მაკა ბატიაშვილს და გიორგი დემეტრაშვილს.

გალერეა "შატო დე პიერფონი" - პირველი მაკეტი

Yota Royal-ის დიორამა

ჰერცოგ ლიუდოვიკ ორლეანელმა 1392 წ. თავისი ძმისგან, მეფე კარლ (შარლ) VI საჩუქრად მიიღო ციხე-დარბაზი პიერფონი და ტურენის საჰერცოგო; პიერფონი, რომელიც XII ს-ში უბრალოდ გამაგრებულ ფორტს წარმოადგენდა, ვალუას საგრაფოს ნაწილი გახდა და 1396 წ. ლიუდოვიკმა მისი სრული განახლება-აღმშენებლობა დაიწყო. არქიტექტორის ვინაობა უცნობია. შესაძლოა, ეს იყო რაიმონ დიუ ტემპლი; მოგვიანებით, მშენებლობას სამეფო არქიტექტორი, ჟან ლე ნუარი გაუძღვა ჟან ობელეს მეთვალყურეობის ქვეშ; ლიუდოვიკ ორლეანელის მკვლელობის შემდეგ (1407 წ.), ლიუდოვიკ XIII მმართველობის დასაწყისში, პიერფონი ფრანსუა-ჰანიბალ დ’ესტრეს (მშვენიერი გაბრიელ დ’ ესტრეს ძმა) ეკუთვნოდა, რომელიც „უკმაყოფილოთა” (პროტესტანტების) პარტიას და პრინც კონდეს შეუერთდა, რის გამოც კარდინალმა რიშელიემ ციხე-დარბაზის გასანადგურებლად 1617 წ. მარტში, ჯარის ნაწილები გამოგზავნა, მაგრამ ნაგებობის მასშტაბურობის გამო მხოლოდ გარე გამაგრებები და სახურავი გადაწვეს.

პიერფონი თავისი ეპოქისათვის საფორტიფიკაციო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად ითვლებოდა; გარდა ამისა, ალექსანდრ დიუმა-მამის ბრწყინვალე ტრილოგიის მიხედვით, სწორედ პიერფონი აირჩია თავის „მამულად” პორთოსმა, მომავალმა ბარონ დიუ ვალონ დე ბრასიე დე პიერფონმა მას შემდეგ, რაც პროკურორის ქვრივზე, ქალბატონ კოკნარზე იქორწინა. სწორედ ამ ორმა გარემოებამ განაპირობა ჩვენი ნაბიჯი, ამ მშვენიერი ციხე-დარბაზის ფაქტიურად ზუსტი ასლი შეგვექმნა ჩვენი 40 მმ. ჯარისკაცების კოლექციისთვის.

მოუსმინეთ ციხე-დარბაზი პიერფონის ხმებს

ზუგდიდის დადიანების სასახლე (ჩვენი ახალი მაკეტის შესახებ)

ზუგდიდის დადიანების სასახლე

ქალაქი ზუგდიდი ლევან II დადიანის დროს იქცა სამეგრელოს მთავართა რეზიდენციად. ამის შესახებ ცნობებს გვაწვდიან არქანჯელო ლამბერტი, შარდენი, ქრისტეფორე კასტელი, ვახუშტი ბატონიშვილი.

ზუგდიდში დადიანების სასახლე XIX საუკუნეში აშენდა, მანამდე აქ სამეგრელოს მთავრის დის, პუპის სასახლე იყო.

კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისგან, კარის ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან.

დედოფლის სასახლე გერმანელი არქიტექტორის ედვიგ იაკობის ძე რაისის ქმნილებაა და მისი ფასადი ინგლისში ტიუდორების სასახლის მიხედვით გაკეთდა, ნიკოს სასახლეზე რუსმა არქიტექტორმა ლეონიდ ვასილევმა იმუშავა; შემონახულია იმ უცხოელ ოსტატთა სახელებიც, რომლებიც მშენებლობაში მონაწილეობდნენ - იაკობ "თათარი", ხასან ხამუზ ოღლი, თეოდორე ბერძენი და სხვები; ხაზგასასმელია,რომ დედოფლის სასახლეს ამშვენებს აივანი,რომელსაც უნიკალური ხის ჭერი აქვს; ხუთ მეტრიანი მოზაიკის შესაქმნელად, რომელსაც ხელით დამუშავებული 10.000-მდე დეტალი და 50.000-მდე ორნამენტი დასჭირდა, გადმოცემის მიხედვით სამეგრელოს დედოფალს ეკატერინე ჭავჭავაძეს ლაზეთიდან საუკეთესო ოსტატები მოუწვევია; ბოტანიკური ბაღის შექმნაზე კი ევროპის საუკეთესო მებაღეებმა - ჟოზეფ ბაბინმა და გაეტანო და ჯიოვანი ზამბერლეტებმა იმუშავეს; ულამაზესი აუზით, მის სამხრეთ მხარეს აგებული საყავითა და სტამბოლიდან ჩამოტანილი ალაყაფის კარით ბაღი განუმეორებელი სილამაზით და თავისებურებით გამოირჩევა.

დადიანების სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მთავრისეული ტაძარი მდებარეობს, მისი მშენებლობა 1825-1830 წლებში მიმდინარეობდა. 1855 წელს ტაძარი თურქებმა დააზიანეს, მაგრამ ეკატერინე ჭავჭავაძის მითითებით იგი აღდგენილ იქნა.

დღეს ზუგდიდის დადიანების სასახლეს მუზეუმის სახე აქვს; მუზეუმი აქ ჯერ კიდევ 1921 წელს დაარსდა სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ-საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან გადმოტანილ ქართულ სიძველეთა ბაზაზე; მის დაარსებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აკაკი ჭანტურიას (1881-1941); განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქართული და ევროპული ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის კოლექცია და პრინც აშილ მიურატის (1847-1895), დავით დადიანის ქალიშვილის, სალომეს მეუღლის მიერ საფრანგეთიდან ჩამოტანილი ნივთები.

დროის პორტალი

დროის პორტალი

ჩვენი მოკრძალებული შემოქმედების მოყვარულებმა იციან, რომ სამხედრო-ისტორიული მინიატურის გალერეა "იოტა როიალში" მათ შესაძლებლობა, აქვთ დანარჩენ ექსპოზიციებთან ერთად დაათვალიერონ 40 მმ. სტანდარტის ჯარისკაცების ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია მსოფლიოში.

ოცამდე კომპანიისა და მწარმოებლის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ფიგურების რიცხვმა დიდი ხანია, გადააჭარბა 2.150-ს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რათა არ გაგვეფანტა ჩვენი მინიატურული "არმია", შეგვექმნა ხელნაკეთი უნივერსალური მაკეტი, რომელზედაც ის სრულად განთავსდებოდა და ამავე დროს ყველაზე კირკიტა კრიტიკოსიც კი ვერ გვისაყვედურებდა, რომ სხვადასხვა დროის ისტორიული რეალობა ერთმანეთს შევურწყეთ.

"3 მუშკეტერი" და "საიდუმლო კუნძული", "სამეფო კარის თამაშები" და "კარიბის ზღვის მეკობრეები", "ოქროს კომპასი" და "უცხო", "ჰობბიტი" და "ვიკინგები" - ეს ლიტერატურული ნაწარმოებებისა და კინოფილმების არასრული სიაა, რომელთა სიუჟეტებიც გამოყენებულ იქნა პროექტზე მუშაობისას.

"დროის პორტალს" განათების 5 სხვადასხვა რეჟიმი აქვს, რასაც ექსკურსიამძღოლის თხრობასა და ორიგინალურ ფონოგრამასთან ერთად ჰარმონიაში დამთვალიერებელი ზღაპრულ სამყაროში გადაჰყავს და ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად გალერეის სტუმარი ეცნობა ლითონის (ტერმინი "კალის ჯარისკაც" კარგა ხანია, მოძველდა და ახლა ჩვენ უპირატესად ბრინჯაოსა და თითბერში ვმუშაობთ) უნიკალურ ნაკეთობებს, რომელთა რიცხვიც მუდმივად იზრდება.

მოუსმინეთ დროის პორტალის ხმებს

All Rights Reserved by © Yota Royal - 2015